1.ამ კანონის 5 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი რეგულირების საფასურს იხდის არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი, რომლის ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა, წლიური მაქსიმალური ოდენობა ან ყოველდღიური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობისთვის, რეგულირების საფასურს იხდის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2.შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონით დადგენილ რეგულირების საფასურს 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში იხდის ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა.
3.2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისთვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5631 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1087 – ვებგვერდი, 17.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. თავი III. დასკვნითი დებულება
