სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Статья 10. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. დასაიდუმლოების ვადა „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის არის 20 წელი, „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 10 წელი, „საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 3 წელი. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვს ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელს, თუ ინფორმაციის განსაიდუმლოებით ზიანი მიადგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების დასაიდუმლოების ვადის გაგრძელება, საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან განსაიდუმლოება ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა აითვლება მასზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან.
