ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Статья 58^1. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის და კანონით დადგენილი წესით: ა) ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გამოაქვეყნონ: ა.ა) ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტები; ა.ბ) ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტების განხილვის პროცედურები და ვადები; ა.გ) საკრებულოს, აგრეთვე საკრებულოს კომისიის სხდომების დღის წესრიგი, ჩატარების ადგილი და თარიღი; ა.დ) მიღებული ნორმატიული, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული აქტები, მათი გასაჩივრების ვადები და პროცედურები; ა.ე) გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადები და პროცედურები; ბ) უზრუნველყონ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კოდიფიცირება და მათი ხელმისაწვდომობა. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16
