საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 119^2. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება
1. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, ან ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვის შემთხვევაში მისი გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებისთვის თავის არიდება ან შემოწმებაზე უარის თქმა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის მართვაც ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
