საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 312^1. ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ
1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე უარს აცხადებს ანდა მისი იდენტიფიცირება ფიზიკური დარღვევის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირი შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აღიწერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ყველა გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ამ ოქმს დაერთვის შესაბამისი ფოტოსურათი). ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით შეიძლება მიენიჭოს პირობითი სახელი, შედგენილი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების (ასოების) ისეთი კომბინაციით, რომელიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელს გახდის მის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. აღნიშნული პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი.
