1.ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.ამ კანონის 95-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 97-ე და 102-ე−109-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).
3.ამ კანონის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის შესახებ პოლიციის მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.
4.ამ კანონის 98-ე მუხლითა და 99-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას.
5.ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე.
6.ამ კანონის მე-100 და 101-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
7.უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების შემთხვევაში ამ კანონის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
8.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ კანონის 104-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას არასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდეა ჩადენილი, იღებს 30 კალენდარული დღის ვადაში.
9.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლოს სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 2 2 ნაწილის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.
10.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.
11.ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლების მქონე პირის მიერ ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.






