1.პირს უფლება აქვს, მის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება (ბრძანება), აგრეთვე მის მიმართ ამ კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის გადაწყვეტილების გამოძახებული პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ პუნქტით დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების (მათ შორის, ზეპირი გადაწყვეტილების) გამოძახებული პირისთვის გაცნობა/გამოცხადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ; ბ) გადაწყვეტილების გამოძახებული პირისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების გამოძახებული პირისთვის ჩაბარება კომუნიკაციის ტექნიკური ან სხვა საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროდ ქვეყნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე, გამოძახებული პირისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოძახებული პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზეპირი გადაწყვეტილება წერილობით გამოიცემა მისი მიღების დღესვე. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3816 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. თავი III. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა



