1.სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტი არის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტი და დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს დამოუკიდებელი პირი. იმ სდპ-ში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, იქმნება დამოუკიდებელი აუდიტის კომიტეტი, რომლის წევრები არიან საერთო კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული დამოუკიდებელი პირები.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის დამოუკიდებელ პირად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის საწარმოსთან, მათ შორის, არ ფლობს ამ საწარმოს აქციებს/წილებს და არ იღებს აღნიშნული საწარმოდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.
3.აუდიტის კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს.
4.აუდიტის კომიტეტის წევრი უნდა იყოს საწარმოს საქმიანობის სფეროში კომპეტენტური პირი. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი.
5.აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს აუდიტის კომიტეტის წევრთაგან ირჩევს სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო იმ სდპ-ში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, − საერთო კრება. სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭომ აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა აირჩიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი.
6.აუდიტის კომიტეტის ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიოს: ა) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესს; ბ) ხარისხის კონტროლის, რისკების მართვის და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობას; გ) ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელებას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; დ) აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დამოუკიდებლობას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.




