1.საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).
2.პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3.თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
4.საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
5.საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
6.პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საწარმოს ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული რეგისტრაციისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად. 6 1 . სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.
7.ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია.
8.შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.
9.საწარმოების შერწყმა და საწარმოს გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.
10.საწარმოს რეორგანიზაციის დამატებითი პირობები და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
11.ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ იმავე კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.




