არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და გამოყენების წესი, კანონის ანალოგია
1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.
