1.იძულების ღონისძიებები არის სამსახურის უფლებამოსილი დანაყოფის და უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნით გამოყენება.
2.მოსამსახურე უფლებამოსილია დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
3.მოსამსახურე უფლებამოსილია ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.
4.მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას გონივრული ვადა თავისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
5.იძულების ღონისძიების სახე და ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.
6.მოსამსახურე ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.
7.მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, უკავშირდება გაუმართლებელ რისკს ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
8.აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებული ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სამსახურის წარმომადგენელს (მოსამსახურეს), რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვა ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას.
10.პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსამსახურის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.




