Статья 43. დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს; დ 1 ) უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისთვის, შემცვლელი მასწავლებლისა და შემცვლელი სპეციალური მასწავლებლისთვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ვ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; ზ 1 ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში ; ზ 2 ) შვებულებაში გადის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით. მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა; თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ; ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; კ 1 ) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან; კ 2 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელებისას უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს დასაბუთებული მიმართვა; ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; ლ 1 ) ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და მას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად; ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას; ნ 1 ) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე; ნ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის , უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის , აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს . ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
