Статья 5. ეროვნული სასწავლო გეგმა
1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება: სწავლა-სწავლების მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელთაც სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, აგრეთვე ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. 1 1 . სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. 1 2 . მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით, მათ შორის, სენსორული სასწავლო გეგმით ან/და დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით. 1 3 . სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გაფართოებულ სასწავლო გეგმასაც.
