საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება.
2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს: ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე; ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა; გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა; დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე.
3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით.
4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
