Только для информации — не юридическая консультация.
1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) მენეჯერული მოვალეობების/ფუნქციების შესრულების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას ექთნის ან მეან-ექთნის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმისა და შედეგების, აგრეთვე ექთნის ან მეან-ექთნის მიმართ უკვე გამოყენებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინებით იღებს საბჭო.
4. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) პაციენტის ან მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი; ბ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი; გ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე, აღნიშნული სუბიექტის ორზე მეტი კოლეგა; დ) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს აღნიშნული სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი; ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი; ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის შედეგები.
6. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილი ქმედებისთვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
7. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების მიზეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის მიერ შესაბამისი განცხადების შეტანის შემდეგ გამართულ საბჭოს პირველსავე სხდომაზე.
8. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განმეორებით მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах