სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Статья 23^10. საბჭოს გადაწყვეტილება
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 23 9 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების მიზნით იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება ამ გადაწყვეტილებას.
4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე საბჭოს წევრი.
5. თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს აღინიშნება გადაწყვეტილებაში.
6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის.
