საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 231. შუამდგომლობის განცხადების წესი
1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.
3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.
