საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 282. დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება: ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.
3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
4. საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110
