საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 330. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დათვალიერება და ამოღება
1. საფოსტო-სატელეგრაფო დაწესებულებაში გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობით, ხოლო თუ საჭიროა – შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ხსნის და ათვალიერებს დაყადაღებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს. თუ გამომძიებელმა ან პროკურორმა აღმოაჩინა სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობა, დოკუმენტი ან საგანი, მან უნდა ამოიღოს შესაბამისი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი ან გადაიღოს მისი ასლი. სისხლის სამართლის საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობის, დოკუმენტის ან საგნის არარსებობის შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი იძლევა მითითებას, დათვალიერებული საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი გადასცენ ადრესატს ან შეაჩერონ ის მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული ვადით.
2. შეჩერებული გზავნილის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება, რომელი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით შეჩერდეს, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. ოქმს ხელს აწერს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაატარა დათვალიერება და ამოღება, აგრეთვე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სხვა პირები. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
