1.გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.
2.გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
3.გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.
4.გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინება.
5.ამ კოდექსის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა.
6.თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია: ა) ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა; ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ; ბ 1 ) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება; გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა; გ 1 ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე, ამასთანავე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე; დ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი; ე) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს ან სასამართლოს; ვ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს; ვ 1 ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები; ზ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4378 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №164 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. თავი V ბრალდებული, ადვოკატი



