საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება
1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.
2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.
4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.
5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.
