„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 25. სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი
1. სასაზღვრო ზონა, როგორც წესი, დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონის, ქალაქის, სოფლის, თემის, დაბის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით. სასაზღვრო ზონაში (სადაც ის დგინდება) შედის საქართველოს შიდა წყლების ნაწილი და ამ წყლებში მდებარე კუნძულები.
2. სასაზღვრო ზოლი დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხმელეთზე ან საზღვარზე გამავალი ზღვის, მდინარის, ტბის, წყალსატევის ნაპირების გასწვრივ.
3. ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. „4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმს, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;
5. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.
