1.სასაზღვრო ზონა, როგორც წესი, დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონის, ქალაქის, სოფლის, თემის, დაბის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით. სასაზღვრო ზონაში (სადაც ის დგინდება) შედის საქართველოს შიდა წყლების ნაწილი და ამ წყლებში მდებარე კუნძულები.
2.სასაზღვრო ზოლი დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხმელეთზე ან საზღვარზე გამავალი ზღვის, მდინარის, ტბის, წყალსატევის ნაპირების გასწვრივ.
3.ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. „4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმს, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;
5.სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.
6.სასაზღვრო რეჟიმი არ ვრცელდება სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიებზე. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.




