Статья 22. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი)
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს მთავრობა.
3. დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
