1.მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად მეწარმე სუბიექტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს მის საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას).
2.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელსაც ამ კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში ან საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა, ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.
3.უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება.
4.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე, გარდა ისეთი ეკონომიკური საქმიანობისა, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის მიხედვით იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.
5.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე.
6.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი ან უცხოური საწარმო, რომელსაც ამ კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად არ წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.
7.საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.
8.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.
9.საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან გამეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10.საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირისა) – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.
11.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისა, განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამავე ვადაში გადასცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობა.
12.საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისა, საგადასახადო რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმებს, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და გამოყენების პირობებსა და წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
13.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.
14.საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოს პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254



