საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 192^3. სუსტი კაპიტალიზაცია
1.ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია.
2. სუსტი კაპიტალიზაციის შემთხვევაში პირის მიერ ვალზე გადახდილი ან/და გადასახდელი პროცენტები (განსხვავებული საპროცენტო განაკვეთების არსებობის შემთხვევაში – ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) მისი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული არ ზღუდავს პირის მიერ სუსტ კაპიტალიზაციამდე (თანაფარდობის ქვემოთ) ვალზე გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლებას.
3. ამ მუხლის დებულებები არ მოქმედებს: ა) ფინანსურ ინსტიტუტებზე; ბ) თუ საწარმოს ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; გ) თუ პროცენტის ხარჯი არ აღემატება ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (პროცენტის ხარჯის გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 20 პროცენტს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ ფიზიკური პირის ვალი სამჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის ვალი გულისხმობს სავალო ვალდებულებებს ნებისმიერი ფორმით, რომელზედაც ხორციელდება პროცენტის გადახდა, გარდა სახელმწიფოსაგან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მიღებული სესხებისა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
