1.საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ პირს, რომელიც აღნიშნული მიზნით სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
2.საგადასახადო სესხი პირზე გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. აკრძალულია პირის (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული პირის) მიერ ერთზე მეტი სესხით სარგებლობა.
3.საგადასახადო სესხის გაცემის წესი, ხელშეკრულების ფორმა და ანგარიშგების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4.საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობაა 2000 ლარი, რომელიც გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა და 3 თვის (123 თვის) ვადით, წლიური 4%-იანი სარგებლით; პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირს უფლება აქვს არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდები. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებები პირს ეკისრება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით.
5.პირის ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვის შემდეგ.
6.საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირზე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გავრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
7.საგადასახადო სესხის თანხები არ გაითვალისწინება ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებისას. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 კარი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XLII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი






