Статья 40^1. ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი
1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. 1 1 . თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოეშობა, თუ მაუწყებელი ასევე ავტორიზებულია თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს.
2. მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილის ასლი წარედგინება კომისიას.
3. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.
4. ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.
5. სავალდებულო ტრანზიტის პირობები პერიოდულად გადაისინჯება.
6. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
7. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, ასეთ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მაუწყებლობის შესახებ
