„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 7. მმართველობის ანგარიშგება
1. სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური.
2. მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კორპორაციული მართვის ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არაფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ის სდპ, რომელიც შეესაბამება პირველი კატეგორიის საწარმოს ზომით კატეგორიას, ამასთანავე, საანგარიშგებო პერიოდში ჰყავს საშუალოდ 500-ზე მეტი დასაქმებული.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის მიმოხილვა, საქმიანობის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ასახავს სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის, სუბიექტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს. იგი სუბიექტის საქმიანობის სრულად გაგებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უნდა მოიცავდეს აუცილებელ ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს, არაფინანსურ ინდიკატორებს, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის, დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან, აგრეთვე წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების შესახებ დამატებით განმარტებებს. საქმიანობის მიმოხილვა ასევე უნდა მოიცავდეს: ა) სუბიექტის განვითარების გეგმებს; ბ) სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევებისა და მისი განვითარების მიმოხილვას; გ) ინფორმაციას სუბიექტის ფილიალების საქმიანობის შესახებ; დ) სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ რისკების მართვის მექანიზმების შესახებ; ე) საკუთარი აქციების შეძენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ე.ა) საანგარიშგებო პერიოდში აქციების შეძენის მიზეზი; ე.ბ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და გასხვისებული აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულება და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ე.გ) აქციების შეძენისათვის ან გასხვისებისათვის განხორციელებული საპასუხო შესრულება; ე.დ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და საკუთრებაში დატოვებული აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულება და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ვ) ინფორმაციას ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით სუბიექტის მიზნებისა და პოლიტიკის შესახებ.
