1.სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.
2.სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს სააგენტოს იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) დეპარტამენტის/სააგენტოს ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და აუნაზღაურდება დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 7 000 ლარის ოდენობით; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარის ოდენობით; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.
