1.თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის პროცედურის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შედგენილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია. [ 2. იმ საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს: ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
4.ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას.
5.თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. ამ შემთხვევაში სააგენტო ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
6.ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია შექმნიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას.
7.საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
8.სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას.
9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
10.სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 40 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს სააგენტოს მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრულ პირობებს.
11.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.
12.ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ.
13.სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.






