Статья 16. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და კომპეტენტური უწყებები
1. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებსა და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით; ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების გამოცემას; გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კვლევების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას/ხელშეწყობას; დ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება; ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას.
3. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების თაობაზე; ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ზედამხედველი ორგანო აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას, ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების მოკვლევას და აღრიცხავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება: ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ; ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში; გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით.
