სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 15. საგანგებო სიტუაციის კატეგორიები
1. საგანგებო სიტუაცია, მისი შედეგების, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ხასიათის, ადგილისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის.
2. საგანგებო სიტუაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები.
3. საგანგებო სიტუაცია ეროვნული მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია: ა) რომლის მართვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალებითა და საშუალებებით ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალებითა და საშუალებებით; ბ) რომლის ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, საქართველოს „წითელ წიგნში“ ან „წითელ ნუსხაში“ შეტანილ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს; დ) რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას ან გარემოს; ე) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია ხანგრძლივად გრძელდება; ვ) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს.
