Статья 35. ნდობითი ვალდებულების დარღვევა
1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა საპენსიო აქტივები უნდა მართოს მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ნდობითი ვალდებულების დარღვევა. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად; ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი; გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად.
2. თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მოიძიოს ამ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება.
3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირის სასარგებლოდ გამოყენება ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირთან აფილირებული პირია).
