Статья 27. ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები
1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის; ბ) შეიმუშაოს რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები და მუდმივად ახორციელებდეს მათ; გ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმები საინვესტიციო ფონდის აქტივების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირების უზრუნველსაყოფად; დ) რისკების მართვის ფუნქცია როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად განაცალკეოს საოპერაციო ფუნქციისგან, მათ შორის, პორტფელის მართვისგან; ე) ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა; ვ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მისი თავიდან აცილების შეუძლებლობისას გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში გაამჟღავნოს იგი საინვესტიციო ფონდსა და მის ერთეულის მფლობელებზე ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის მიზნით; ზ) საინვესტიციო ფონდის ყველა ინვესტორს მოეპყროს სამართლიანად; თ) შეიმუშაოს საინვესტიციო ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადო და სწორი შეფასების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები; ი) ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა შესყიდვასაც განიზრახავს ან რომლებიც შეისყიდა საინვესტიციო ფონდის სახელით; კ) საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო ფონდის მიზნებთან, საინვესტიციო სტრატეგიასა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები; ლ) დაიცვას საინვესტიციო ფონდის ინტერესები მესამე პირების, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინაშე და საინვესტიციო ფონდის სახელით აღძრას სარჩელი მესამე პირის წინააღმდეგ, თუ ამ ვალდებულების შეუსრულებლობით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს; მ) უზრუნველყოს ერთეულის მფლობელების რეგისტრაცია და ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება ამ კანონისა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების გათვალისწინებით; ნ) საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატით და დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის წარუდგინოს შესაბამისი ანგარიშგება; ო) ჰქონდეს სათანადო ელექტრონული სისტემები პორტფელთან დაკავშირებული თითოეული ტრანზაქციის, შესყიდვებისა და გამოსყიდვების დროული და სათანადო აღრიცხვისთვის; პ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდის მართვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ; ჟ) შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საინვესტიციო ფონდის ინვესტორების საჩივრებზე დროული და სწორი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
