1.დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც გულისხმობს: ა) დასაქმებულებთან კონსულტაციებს; ბ) დასაქმებულის ან დასაქმებულთა წარმომადგენლის უფლებას, მოახდინოს შრომის უსაფრთხოების შესახებ წინადადების ინიციირება; გ) დაბალანსებულ მონაწილეობას.
2.შრომის უსაფრთხოების ახალი ღონისძიებათა სისტემის ინიციირებისას დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან გაიაროს კონსულტაცია.
3.სამუშაო პროცესის, სამუშაოს შინაარსის ან ორგანიზების ისეთი ცვლილების დაგეგმვისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დასაქმებულის შრომის უსაფრთხოებაზე, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან გაიაროს კონსულტაცია.
4.დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების, ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განხორციელების მიზნით დასაქმებულებს შეუძლიათ დასაქმებულთაგან აირჩიონ შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი. პირი დასაქმებულთა წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.






