Статья 15. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო
1. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (შემდგომ − აღმასრულებელი საბჭო) უზრუნველყოფს მედიატორთა სერტიფიცირებას და მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოებას.
2. აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის კოლეგიური წესით მართვა; ბ) მედიატორთა ასოციაციის საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის ფარგლებში სათანადო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; დ) მედიაციის სფეროში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და მედიატორებისათვის გაცნობა; ე) მედიაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტის მიერ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემოწმება და მის ორგანიზებასა და ჩატარებაზე თანხმობის გაცემა; ზ) იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა; ი) (ამოღებულია - 09.12.2025, №1158); კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მედიატორის უფლებების დაცვა; ლ) სასამართლო მედიაციის განვითარებისა და მედიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებისათვის წარდგენა.
3. აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
4. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმასრულებელი საბჭოს სამდივნო.
5. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, აგრეთვე აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
