ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 123. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ელექტროენერგიის ბაზრის წესები
1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით უნდა დადგინდეს ამ კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმი ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები, საჯარო მომსახურების ორგანიზება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალური მოთხოვნები. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
