ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 142. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა
1. საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის არსებობით ან ქსელის მოვლა-პატრონობასთან ანდა ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით.
2. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ბუნებრივი გაზის სისტემაში ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად. ასეთი შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.
3. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დაცვით.
