ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 137. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
1. საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 136-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ანდა ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით.
2. ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ელექტროენერგიის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ელექტროენერგიის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.
3. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებით. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადაში.
