ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 141. საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი გაზის სექტორში
1. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ან/და ადამიანის, მოწყობილობა-დანადგარების ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას.
2. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაზე და ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ მოქმედებებზე დაყრდნობით მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები საგანგებო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად.
