1.საწარმომ, რომელმაც ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი ააშენა ან მისი რეკონსტრუქცია განახორციელა, მათ შორის, გაზარდა მისი სიმძლავრე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით მიაერთა იგი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ან გამანაწილებელ ქსელთან, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად საცდელი გაშვებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის უნდა მიმართოს გადამცემი სისტემის ან გამანაწილებელი სისტემის იმ ოპერატორს, რომლის ქსელთანაც არის ეს ობიექტი მიერთებული. შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები მონაწილეობენ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პროცესში.
2.გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელ გაშვებას ან/და კომპლექსურ გასინჯვას ახორციელებენ და ექსპლუატაციაში მის მიღებაზე თანხმობას გასცემენ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. თუ შესაბამისი ქსელის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სათანადო სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე თანხმობა ან უარი უნდა განაცხადოს ამ ობიექტის საცდელი გაშვებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მფლობელი საწარმო ვალდებული არ არის, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის მოიპოვოს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.
4.ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.
5.ექსპლუატაციაში მიღებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მიერ ელექტროენერგიის წარმოება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის V თავის შესაბამისად გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
