1.დერივატივი არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამოკიდებულია საბაზისო აქტივზე ან საბაზისო მაჩვენებელზე და რომელიც ითვალისწინებს ანგარიშსწორებას რეალური მიწოდების განხორციელებით ან ფულადი ანგარიშსწორებით, მათ შორის, ურთიერთგაქვითვით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვით, და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, იყიდოს, გაყიდოს ან მიიღოს სხვა დერივატივთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლება/უფლებები; ბ) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, მომავალში იყიდოს, გაყიდოს ან გადასცეს საბაზისო აქტივზე საკუთრების უფლება გარიგების მეორე მხარეს, რომელიც ვალდებულია მიიღოს საბაზისო აქტივი და მისი მიღების სანაცვლოდ გადაიხადოს შესაბამისი ფასი; გ) გარიგების ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ავალდებულებს, მომავალში მეორე მხარისთვის განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები, მათ შორის, ამ მხარის მიერ გადახდის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში.
2.თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მხარე, რომელიც ვალდებულია დერივატივის ფარგლებში რეალური მიწოდება განახორციელოს, ვალდებული არ არის, გარიგების დადების მომენტში ფლობდეს საბაზისო აქტივს.
3.გარიგება დერივატივად არ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ნასყიდობის ხელშეკრულება (მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულება), რომელიც არ აკონკრეტებს, რომ ის არის დერივატივი, არ კვალიფიცირდება, როგორც დერივატივი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით და აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა.ა) გარიგების პირობების შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საბაზისო აქტივის მიწოდებით (მიღებით) და გარიგება არ ითვალისწინებს ვალდებულების შესრულებას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორებით ვალდებულების შესრულების მომენტში საბაზისო აქტივის ფასის შესაბამისად; ა.ბ) გარიგების პირობები არ იძლევა შესაძლებლობას, გარიგება შეწყდეს მსგავსი გარიგების დადებით, რომლის საბაზისო აქტივის რაოდენობა და მიწოდების პირობები ეკვივალენტურია (თუმცა ასეთი გარიგების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს პირველი გარიგების ფასისგან) და რომლის მხარე, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც გამყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც მყიდველი, ხოლო პირი, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც მყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც გამყიდველი; ბ) ის არის საგადახდო ინსტრუმენტი, სპოტი, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რეპო შეთანხმება, სასესხო გარიგება, ლიზინგის ხელშეკრულება, საბანკო დეპოზიტის ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, დაზღვევის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ფაქტორინგი ან მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება; გ) მხარის მიერ გარიგების პირობის დარღვევის გამო წარმოშობილია თანხის გადახდის ვალდებულება (პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება), რომლის ოდენობა საბაზისო მაჩვენებლის შესაბამისად იცვლება, მაგრამ ასეთი გარიგება (რომლის პირობა დარღვეულია) არ აკმაყოფილებს „დერივატივის“ განმარტებას.
4.დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.
5.დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ნებისმიერი პირი, მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ გარიგების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მეორე მხარეს განუცხადოს და აუხსნას კონკრეტულ დერივატივთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რისკებისა და საფრთხეების გამჟღავნების და ასეთი გარიგების დადების წესი.
6.დერივატივი შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ისე ზეპირი ფორმით. მხარეთა მიერ გარიგების ზეპირი ფორმით დადების შემთხვევაში ეს გარიგება უნდა ითვალისწინებდეს გარიგების დადების დასტურის გაცვლას, რომელიც გარიგების შინაარსის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. გარიგების დადების დასტური უნდა არსებობდეს წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან აუდიოჩანაწერის ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიოჩანაწერის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
7.დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა საეჭვო ვერ გახდება მხოლოდ იმის გამო, რომ ის დადებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა რეგულირდება აღნიშნული უცხო ქვეყნის სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.
8.კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის სანაძლეო, თამაშობა ან ლატარია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად ან გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ საქართველოს კანონმდებლობის ისეთი ნორმის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სანაძლეოსთან, თამაშობასთან ან ლატარიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.



