1.საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე საბაზისო აქტივების გასხვისებით (ტრადიციული სეკიურიტიზაცია); ბ) საკრედიტო დერივატივის დადებით, გარანტიის გაცემით ან სხვაგვარად, ისე, რომ საბაზისო აქტივები ინიციატორის საკუთრებაში დარჩეს (სინთეტიკური სეკიურიტიზაცია).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სეკიურიტიზაცია შეიძლება განხორციელდეს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშეც, საკრედიტო რისკის ინვესტორისთვის (ინვესტორებისთვის) უშუალოდ გადაცემით.
3.ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სეკიურიტიზაცია არ ჩაითვლება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობად.
4.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, შეიძინოს ან ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის პირობების დაცვით მესამე პირს დაუთმოს არსებული ან სამომავლო მოთხოვნა ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის ფარგლებში ან უწყვეტად.
5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, არსებული მოთხოვნის (მათ შორის, წარმოშობილი, მაგრამ ვადამოუსვლელი მოთხოვნის) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ დათმობა ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირის მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6.სამომავლო მოთხოვნა, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის წარმოშობილი არ არის, მაგრამ შეიძლება მომავალში წარმოიშვას, ასევე დათმობილი უნდა იქნეს, თუ მისი წარმოშობის ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა მომენტში შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება.
7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სამომავლო მოთხოვნის დათმობა პირობითია და დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, თუმცა, როდესაც მოთხოვნა წარმოიშობა, მისი დათმობა ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირის მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეს წესი მოქმედებს აგრეთვე მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების დადებასა და მოთხოვნის წარმოშობას შორის პერიოდში ინიციატორის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში.
8.საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. ეს ხელშეკრულება ან მასზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ფორმის მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება დაუშვებელია.
9.იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ხელშეკრულების მხარე (მხარეები) არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა (მოქმედებდნენ) ან კრედიტორთა ერთ ჯგუფს მეორესთან შედარებით განზრახ ანიჭებდა (ანიჭებდნენ) უპირატესობას, ამ კანონის შესაბამისად დადებული საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არის ნამდვილი და საბოლოო და აღსრულებადი როგორც მხარეთა მიერ, ისე მესამე პირის მიმართ, ამასთანავე: ა) ხელშეკრულების მხარეს ან სხვა პირს არ შეუძლია ცალმხრივად რაიმე მიზეზით მის მიმართ შეცილება, მისი გაბათილება, შეწყვეტა, მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა ან მასში ცვლილების შეტანა. ასევე არ შეიძლება ეს ხელშეკრულება სადავო გახადოს ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის ლიკვიდატორმა, დროებითმა ადმინისტრატორმა, სპეციალურმა მმართველმა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა მმართველმა/ზედამხედველმა ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერმა სხვა პირმა; ბ) ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის კრედიტორებს არ აქვთ უფლება გადაცემულ საბაზისო აქტივებზე.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად მოქმედებად ჩაითვლება, მათ შორის, ხელშეკრულების დადება იძულებით, მოტყუებით, მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
11.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის დათმობილი მოთხოვნა ხდება მისი საკუთრება მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, მიუხედავად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში), რომელიც ითვალისწინებს სამომავლოდ ინიციატორისთვის აღნიშნული მოთხოვნის ხელახლა დათმობას. ასეთი ვალდებულების არსებობის გამო მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების მოჩვენებით ან თვალთმაქცურ ხელშეკრულებად მიჩნევა დაუშვებელია.
12.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მოთხოვნის დათმობის ნამდვილობისთვის მოვალის წინასწარი თანხმობა არ მოითხოვება, თუ მოვალესა და ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
13.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 269-ე და 295-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მოთხოვნის დათმობასთან ერთად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე გადადის მოთხოვნის როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებები, გარანტიები და სხვა უფლებები.

