„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 24. მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა
1. საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებისთვის, ოპერირებისა და მათი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას რეალურ დროში აღრიცხავს.
2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება.
