Статья 57. ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS
1. ამ თავით დგინდება ინვესტიციების მიმღები ფონდებისა და ინვესტორი ფონდების სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუ ეს საინვესტიციო ფონდები ამავდროულად შექმნილი არიან UCITS-ის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
2. ინვესტორი UCITS (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტორი ფონდი) არის UCITS ან მისი ქვეფონდი, რომელიც საზედამხედველო ორგანოს თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა UCITS-ში ან მის ქვეფონდში (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტიციის მიმღები ფონდი).
3. ინვესტორი ფონდი შეიძლება ფლობდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ აქტივსა და ფინანსურ ინსტრუმენტს საკუთარი აქტივების 15 პროცენტამდე ოდენობით: ა) დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს; ბ) დერივატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ჰეჯირების მიზნით ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის და 55-ე მუხლის შესაბამისად; გ) მოძრავ ან უძრავ ქონებას ან/და არამატერიალურ აქტივს, რომლებიც აუცილებელია მის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ ინვესტორი ფონდი საინვესტიციო კომპანიაა.
