Статья 53. UCITS-ისთვის ნებადართული ინვესტიციები და გარიგებები
1. UCITS-ს უფლება აქვს, ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ შემდეგ აქტივებში ან ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში; ბ) უცხო ქვეყანაში მოქმედ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, თუ ეს საფონდო ბირჟა შეყვანილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სიაში, საქმიანობას ახორციელებს რეგულარულად, არის აღიარებული და ხელმისაწვდომია საჯაროდ; გ) ახლად გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, თუ ემისიის პირობები შეიცავს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, წარდგენილი იქნება განაცხადი ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შესახებ და საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება უზრუნველყოფილი იქნება მათი გამოშვებიდან 1 წლის ვადაში; დ) UCITS-ის მიერ გამოშვებულ ერთეულებში ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა აღნიშნული საინვესტიციო ფონდი საქართველოში), თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: დ.ა) საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა საინვესტიციო ფონდი ექვემდებარება ზედამხედველობას, რომელიც UCITS-ისთვის განსაზღვრული ზედამხედველობის ეკვივალენტურია. ამასთანავე, უზრუნველყოფილია საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა; დ.ბ) სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების დაცვის დონე UCITS-ის ერთეულის მფლობელების დაცვის დონის ეკვივალენტურია, მათ შორის, აქტივების სეგრეგაციის, სესხის აღებისა და გაცემის მარეგულირებელი წესები ამ კანონის მოთხოვნების ეკვივალენტურია; დ.გ) სხვა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხდება წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივებისა და ვალდებულებების, შემოსავლისა და ოპერაციების შეფასების მიზნით; დ.დ) UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდს უფლება არა აქვს, საკუთარი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა UCITS-ის ერთეულებში ან სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში; ე) კომერციულ ბანკებში განთავსებულ მოთხოვნამდე დეპოზიტებში ან ვადიან დეპოზიტებში, რომელთა ვადიანობა 12 თვეს არ აღემატება, იმ პირობით, რომ კომერციული ბანკი ლიცენზირებულია საქართველოში ან უცხოური ბანკი, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით კომერციული ბანკებისთვის დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია; ვ) დერივატივებში (მათ შორის, მათ ეკვივალენტ ფინანსურ ინსტრუმენტებში, რომლებიც ფულად ანგარიშსწორებას ითვალისწინებს), რომლებიც ივაჭრება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, ან არასაბირჟო ფინანსურ დერივატივებში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ვ.ა) დერივატივი ნაწარმოებია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებიდან ან ფინანსური ინდექსებიდან, საპროცენტო განაკვეთებიდან, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსებიდან ან უცხოური ვალუტიდან, რომლებშიც UCITS-ს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს საკუთარი სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად; ვ.ბ) არასაბირჟო დერივატივების მხარეები ექვემდებარებიან პრუდენციულ ზედამხედველობას და განეკუთვნებიან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიებს; ვ.გ) არასაბირჟო დერივატივი ექვემდებარება ყოველდღიურ სანდო და დადასტურებად შეფასებას და მისი გაყიდვა, ლიკვიდაცია ან დახურვა ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სამართლიან ფასად, UCITS-ის ინიციატივით; ზ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც სავაჭროდ დაშვებული არ არის ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, თუ ამ ინსტრუმენტების ემისია ან მათი ემიტენტი ინვესტორებისა და დანაზოგების დაცვის მიზნით რეგულირებას ექვემდებარება და ეს ინსტრუმენტები: ზ.ა) გამოშვებულია ან გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ, უცხო ქვეყნის ან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ; ზ.ბ) გამოშვებულია ემიტენტის მიერ, რომლის მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე; ზ.გ) გამოშვებულია ან გარანტირებულია ემიტენტის მიერ, რომელიც ექვემდებარება პრუდენციულ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან ისეთი ემიტენტის მიერ, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია; ზ.დ) გამოშვებულია სხვა ემიტენტის მიერ, რომელიც განეკუთვნება საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიას, იმ პირობით, რომ ამ ინსტრუმენტებში განხორციელებული ინვესტიცია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციების ეკვივალენტურად არის დაცული.
