„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 9. მრჩეველთა საბჭო
1. მრჩეველთა საბჭო არის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.
2. მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან. მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მრჩეველთა საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი შეიძლება დასახელდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: ა) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; ბ) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; გ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი; დ) საქართველოს სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი.
4. მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და ხმათა უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესს.
