მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 33. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი
1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
3. მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს: ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; ბ) საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; დ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას, საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის საჭირო კვლევა; ე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადება; ვ) ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენა და წარდგენა; ზ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა; ი) შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა; კ) კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო სხვა მოთხოვნების შესრულება.
