ადგილობრივი მეურნეობა შეადგენს: ადგილობრივი ბიუჯეტი, ბიუჯეტგარეშე სახსრები, ადგილობრივი მნიშვნელობის სპეციალური ფონდები, ადგილობრივი მმართველობის საკუთრების საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსები, აგრეთვე საწარმოების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების ნებაყოფლობითი შენატანები, რომლებიც გამოიყენება მოცემული ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ადგილობრივ მეურნეობაში შემავალი საწარმოების, დაწესებულებების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების გადასახადები და ჯარიმები, შემოსავალი მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ქონების რეალიზაციიდან და იჯარიდან. სარეწაო, საკურორტო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო საშუალებათა და თვითმავალი მექანიზმების, შენობის მფლობელობისა და მიწის გადასახადები, სატყეო შემოსავალი, სახელმწიფო ბაჟი და სხვა შემოსავალი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ანარიცხები სახელმწიფო გადასახადებიდან და შემოსავლებიდან, ბრუნვის გადასახადი, მოსახლეობის საშემოსავლო გადასახადი, და სხვა გადასახადები. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოები და ორგანიზაციები, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ადგილობრივ ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქალაქ თბილისის საქალაქო და რაიონული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შექმნან ბიუჯეტგარეშე სახსრები საწარმოების, ორგანიზაციების კოოპერატივებისა და მოსახლეობის ნებაყოფლობითი შენატანებისაგან, ადგილობრივი მნიშვნელობის სესხების ობლიგაციების რეალიზაციისაგან, შესაბამის ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლისაგან, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მათ მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადისაგან, საქველმოქმედო შემოწირულობისგან. საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერი და რაიონის პრეფექტები უფლებამოსილი არიან ცალკეულ გადამხდელებს დაუდგინონ გადასახადისა და ბეგარის შეღავათიანი გადახდის პირობები, იმ ანარიცხების გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა შესაბამისი ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაფინანსებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მოხმარდება განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილმოწყობის, ფიზიკური კულტურის და სპორტის, ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქალაქისა და ქალაქის რაიონების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაჯანსაღებას და სხვა ღონისძიებათა დაფინანსებას, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შენახვას, საბანკო კრედიტისა და სხვა სესხების დაფარვას, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის საბიუჯეტო სესხს, დოტაციას, სუბვენციას და სუბსიდიას. ასევე ეს სახსრები მოხმარდება სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ადგილობრივი ბიუჯეტებით დაფინანსებას საკრებულოსა და პრეფექტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ზუსტი შესაბამისობით. ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში, მათ მიერ სხვა სახის ხარჯების შემცირების ან მიღებული ეკონომიის ფარგლებში. ქალაქ თბილისის მერი განსაზღვრავს დედაქალაქის ბიუჯეტს და ითვალისწინებს რაიონის საკრებულოების შესანახ ხარჯებს. ქალაქ თბილისის მერი, რაიონების პრეფექტები და საკრებულოები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობას და ქმნიან სავალუტო ფონდებს, რომელთა ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებენ მათ ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოები და ორგანიზაციები. სავალუტო ფონდის გამოყენების მიმართულებებს განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს სხდომა. ურთიერთობა რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის წესრიგდება საბიუჯეტო უფლებებისა და გადასახადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თბილისი, 1991 წლის 10 აგვისტო
საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ
Статья 24. ადგილობრივი საფინანსო სისტემა
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 31 авг. 1991 г.
